ბუღალტრული აღრიცხვა

ბუღალტერს, როგორც წესი, საქმე აქვს ბიზნესის ციფრებთან, სამეწარმეო, საგადასასახდო და სააღრიცხვო დოკუმენტებში ამ ციფრების დაფიქსირებასთან. ეს ციფრები აღებულია საწარმოში მიმდინარე რეალური გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამეურნეო ოპერაციებიდან, ოფიციალურად დადასტურებული ფაქტებიდან. ესენია: ფულის მოძრაობა სალაროში, ფულის მოძრაობა ბანკში, ინვესტიციების აღრიცხვა, მოთხოვნების აღიარება, საქონლის შეძენა/რეალიზაცია, ძირითადი საშუალბების შეძენა და მათი ცვეთა, ვალდებულებების აღრიცხვა, კაპიტალის გაზრდა/შეფასება, შემოსავლებისა და ხარჯების განაწილება, მოგება-ზარალის გაანგარიშება და სხვ. ამრიგად, ბუღალტრის ფუნქცია სრულიადაც არ არის ფინანსური მენეჯმენტისა და სამეწარმეო-სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრა. გარდა ამისა, ბუღალტერი თავის საქმიანობას ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ესაა: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საბაჟო კოდექსი, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ, საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული არღიცხვისა და ანგარიშგების შესახებ". ამიტომ ნებისმიერი მეწარმე-სუბიექტი, რომელიც ერთის მხრივ, არის გადასახადის გადამხდელი და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას წარმოების, ვაჭრობისა და მომსახურების სფროში, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვეულებრივი კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით ხელმძღვანელობს თავის საწარმოს და ახორციელებს წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ წარმომადგენლობით ფუნქციებს, ვალდებულია დაიქირაოს პროფესიონალი ბუღალტერი. მეწარმე-სუბიექტი, თავის ბუღალტერთან ერთად, ასევე ვალდებულია გარკვეულწილად გაერკვეს ბუღალტრის პროფესიისა და მუშაობის სპეციფიკაში, მხედველობაში გვაქვს ანგარიშთა გეგმისა და კლასიფიცირებული ანგარიშების შინაარსი, ანგარიშთა მიხედვით თანხების დებეტირებისა და კრედიტირების ობიექტური შერჩევა, საწარმოს ბალანსი, მოგება-ზარალის ზუსტი განსაზღვრა და სხვ. საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა და მოწესრიგება. მაგრამ მეწარმე-სუბიექტი, კიდევ უფრო მეტად, ვალდებულია საკმაოდ მყარად და სიღრმისეულად იცოდეს საგადასახადო წესები და მოთხოვნები, გადასახადის გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები, საგადასახადო ორგანოთა ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები, საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის კანონით დადგენილი ნორმები.